ერთი მოზარდის ცხოვრება ორი სცენარით
1st April 2020
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – ერთად.
მაია ცირამუა – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი არასრულწლოვანთა საკითხებში.
ამ სტატიაში განხილული ამბავი გამოგონილია, თუმცა ძალიან ჰგავს რეალობას. ამიტომ თავს უფლებას მივცემ, აქ წარმოდგენილი „კაზუსი“, როგორც იურისტები უწოდებენ ხოლმე, გამოვიყენო იმის გასაანალიზებლად, თუ რა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ამოცანა? როგორ უნდა განვსაზღვროთ ბავშვის საუკეთესო ინტერესი, როცა ის კანონთან კონფლიქტში შედის? კიდევ ბევრი შეკითხვაა, რაც, ალბათ, ეტაპობრივად გაჩნდება.
ამბავი ასე დაიწყო:
მარტოხელა პენსიონერი ქალი ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს შინ ბრუნდება. ის ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში ლიმონს ჰყიდის. დღეს სულ 5 ლიმონი ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი, თითოს ერთ ლარად ჰყიდდა. მოგება სულ 2 , 5 ლარს შეადგენს. ქალმა თანხა შუაზე გაყო, ნახევარი ახალი პროდუქციის შეასძენად დასჭირდება, ნახევარი კი პენსიამდე სახარჯოდ. როცა სახლს მიუახლოვდა, უკნიდან აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემოესმა, მაგრამ სიტუაციის გააზრებაც კი ვერ მოასწრო, ვიღაცამ ისე გამოსტაცა ხელიდან ხელჩანთა და გაიქცა. ქალმა პოლიციაში დარეკა. მეორე დღეს 15 წლის გიორგი დააკავეს.
და აი, აქ უკვე ჩნდება კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გიორგიმ არ გაიმეოროს დანაშაული?
ვნახოთ როგორი იქნება ამ კითხვაზე პასუხი, თუ გიორგის ცხოვრება ტრადიციული მართლმსაჯულების სცენარით განვითარდება:
სცენარი I
ამ სცენარში რამდენიმე მოქმედი პირია: პოლიციელი, პროკურორი, გიორგის ადვოკატი, გიორგის კანონიერი წარმომადგენელი, მოსამართლე. როგორია თითოეული მოქმედი პირის როლი? პროკურორი ამტკიცებს ბრალს, რომ გიორგიმ ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული. საწინააღმდეგო პოზიციაზეა ადვოკატი – ის ამტკიცებს, რომ გიორგი უდანაშაულოა ან არსებობდა უამრავი მიზეზი, რამაც ის დანაშაულამდე მიიყვანა – გიორგი მსხვერპლია! მოსამართლემ კი თავისი გადაწყვეტილებებით პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს: რა კანონი დაირღვა? ვინ დაარღვია კანონი? რა სასჯელს იმსახურებს ის? თუ ლოგიკას გავყვებით, ამ პროცესში ჩართული მოზარდი ან დამნაშავის იდენტობას ირგებს ან მსხვერპლისას. არადა, გიორგი ახლა მოზარდობის ასაკშია, მან სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე უნდა გასცეს პასუხი შეკითხვაზე – ვინ ვარ მე? თუ ის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრისას მიიღებს პასუხს, რომ დამნაშავეა ან თუნდაც მსხვერპლია, აგვარიდებს ეს თავიდან განმეორებით დანაშაულს?
მოზარდები, რომლებიც იდენტობის მოპოვების ეტაპს ციხის კედლებში გადიან, სერიოზული საფრთხის წინაშე დგებიან იმ თვალსაზრისით, რომ სასჯელის ამოწურვის შემდეგ, როცა ისინი თავისუფლებას უბრუნდებიან, ვერ ახერხებენ გარემოსთან ადაპტაციას – მათი იდენტობა მთლიანად ციხის გარემოსთან არის დაკავშირებული, “მე-დამნაშავე“, “მე-ყოფილი პატიმარი”, ეს ე.წ. სტიგმატიზებული იმიჯი, მათ ხელს უშლის ახალი იდენტობის მოპოვებაში, შესაძლოა ითქვას, რომ ისინი იდენტობის გარეშე რჩებიან, ამიტომ, არაცნობიერად უბრუნდებიან ჩვეულ იდენტობას, რაც დანაშაულის რეციდივში გამოიხატება. საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ სახეს იძენს ისეთი ტიპის საზოგადოებაში, სადაც რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის რესურსი მაღალი არ არის.
იქნება გიორგი „გამარჯვებული“ იმ შემთხვევაში, თუ პროცესზე ადვოკატის პოზიცია გაიმარჯვებს?! არა! ეს ნამდვილად არ გამოდგება მისი საუკეთესო ინტერესის განსაზღვრისათვის. როგორ შეიძლება გიორგის ცხოვრების გზამკვლევად გამოადგეს ადვოკატის პოზიცია – „ის უდანაშაულოა!“ როცა მან ჭეშმარიტად ჩაიდინა დანაშაული და სერიოზული ზიანი მიაყენა პენსიონერ ქალს. ეს ხომ დანაშაულის წახალისება იქნებოდა! არც ადვოკატის მეორე პოზიციაშია გამოსავალი, როცა ის ამტკიცებს, რომ „ეს ბავშვი გარემოებების მსხვერპლია, სხვა შემთხვევაში ის დანაშაულს არ ჩაიდენდა“ დიახ, ხშირად ასეა, მართლაც, მოზარდის ანტისოციალური ქცევას ბევრი გარე ფაქტორი განსაზღვრავს – სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები ქვეყანაში, ოჯახი და აქ მიღებული გამოცდილება, აღზრდის სტილი, სასკოლო ისტორია და სკოლის გარემო, უბანი და ა. შ. თუმცა, რას მისცემს გიორგის მსხვერპლის იდენტობა? მსხვერპლის ბუნება პარადოქსულია, ადამიანს მსხვერპლობიდან ორი „გამოსავალი“ აქვს – ან რჩება მსხვერპლის როლში მარადიულად, რაც ხელს უშლის მის წინსვლას, საზოგადოებასთან ინტეგრაციას, მის პიროვნულ ზრდას ან გადადის შურისძიების მოდუსში და მოტივით – „ყველას ჩემი გმართებთ!“ თავად ხდება მოძალადე.
გამოდის, რომ არც ეს გზა გამოდგება.
ამ სცენარში ყველა გადაწყვეტილებას დანაშაულის რისკის გაზრდამდე მივყავართ. ამიტომ მისი ფინალი უიმედოა.
სცენარი I I
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველოში 2016 წლის დასაწყისში მივიღეთ, სრულიად ახალი ხედვაა, აქ არ არსებობს დილემა – მსხვერპლი თუ დამნაშავე. აქ მთავარია მოზარდის საუკეთესო ინტერესი და ის, რომ ყველა მოზარდის მხარეს უნდა დადგეს – პოლოციელიც, პროკურორიც, ადვოკატიც, მოსამართლეც და მთლიანად საზოგადოება. ყველა ერთის წინააღმდეგ კი არა, როგორც ტრადიციულ მართლმსაჯულებაშია, ყველა ერთისთვის და ერთის გარშემო.
ამ სცენარში ახალი მოქმედი პირები შემოდიან და ყველას განსხვავებული ამოცანა აქვს: ვინ დაშავდა? რა საჭიროებები აქვს დაზარალებულს? რა სჭირდება ბავშვს იმისათვის, რომ არ შეწყდეს მისი პიროვნული განვითარება და ამავდროულად შემცირდეს დანაშაულის გამეორების რისკები? აქ ყურადღების ცენტრში ორივე მხარისთვის (ბავშვი და დაზარალებული პირი) პრობლემის გადაჭრა და ზიანის გამოსწორებაა.
პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, მოზარდი აარიდოს „საბრალდებო სკამს“ და მას განარიდებს სადამსჯელო სისტემას, არსად, ბავშვის ბიოგრაფიაში აღარ ჩაიწერება მასტიგმატიზირებელი სიტყვა „არასრულწლოვანი დამნაშავე“. ამავდროულად პროცესში ერთვება სოციალური მუშაკი, რომელიც სწავლობს გიორგის საჭიროებებს, მის ძლიერ მხარეებს, სასკოლო ისტორიას, ოჯახის ისტორიას. მისი ამოცანაა, რისკებისა და დამცავი ფაქტორების ანალიზით პროკურორთან და მედიატორთან ერთად განსაზღვროს, როგორ უნდა წარიმართოს გიორგის ცხოვრება, ამიტომ სისტემა უყურებს არა ე. წ. მანკიერ მხარეებსა და ხარვეზებს, არამედ ბავშვის რესურსებს – რა შეუძლია მას? რას შეიძლება დავეყრდნოთ მის პიროვნებაში ან მის გარემოში, რაც დანაშაულის რეციდივის რისკებს შეამცირებს.
არის თუ არა ეს პროცესი ეფექტიანი?
ამ სცენარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მედიატორია. ის მუშაობს მხარეებთან. ბავშვთან, მის ოჯახთან, დაზარალებულთან. მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას, ზიანის აღდგენას, ხოლო მთელი პროცესი კი ორიენტირებულია იმაზე, რომ ბავშვმა გაიაზროს მიყენებული ზიანი და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე.
თუმცა, გზაზე ბევრი დაბრკოლებაა:
მაგალითად, გიორგი ფიქრობს, რომ „დიდი არაფერი დაშავებულა, იმ ჩანთაში სულ რაღაც 20 ლარი იდო, რაც უკვე ანაზღაურებულია, რა დავაშავე? რატომ დადის ჩემთან სახლში სოციალური მუშაკი? რატომ დამიბარეს პროკურატურაში?“
დაზარალებული პენსიონერი ქალი კი ფიქრობს, რომ „ამათზე ხელის დაფარება უარესია. უნდა დაისაჯოს, რომ მიხვდეს! თუ ასე არ გააკეთებენ, ხვალ უარესს ჩაიდენს, სახლებში შემოგვივარდება!“ მაგრამ ის პოზიციას იცვლის, როცა მედიატორი გიორგის ოჯახზე უყვება – მარტოხელა დედა ზრდის, რომელიც ძირითადად სამსახურშია, ეკონომიკურად ძლიერ უჭირთ, სწავლაზე გული აიცრუა, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო, აი, ნახეთ მისი ჩანაწერების რვეული, აქ წარმატებული, ცნობილი ადამიანების ფრაზებია ამოწერილი, ზოგი წიგნებში ამოიკითხა, ზოგი სკოლაში გაკვეთილზე ჩაინიშნა, ფეხბურთზეც დადის და საკმაოდ კარგად თამაშობს, პერსპექტიული სპორტსმენია. ქალი გადაწყვეტს მედიაციის კონფერენციაზე აუცილებლად შეხვდეს გიორგის, რომ „თვალებში ჩახედოს“.
განრიდებისა და მედიაციის პროცედურის კულმინაცია მედიაციის კონფერენციაა, რომელშიც მონაწილეობენ: მედიატორი, პროკურორი, დაზარალებული, სოციალური მუშაკი, ბავშვი და ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი.
ამ პროცესში მთავარი კითხვა ასე ჟღერს: მოგვიყევით, რა მოხდა და რა იგრძენით მაშინ, როცა თქვენზე თავდასხმა მოხდა?
გიორგი კი პირდაპირ ისმენს დაზარალებულის ისტორიას: „მარტო ვცხოვრობ წლებია. ძალიან მიჭირს გარეთ გასვლა, მაგრამ თავს ძალას ვატან, დღეში 5 ლიმონი მაინც თუ გავყიდე, თვის ბოლომდე ვიცი თავს როგორღაც გავიტან … ჩემი პენსია წამლებს და კომუნალურ გადასახადებს ყოფნის. იმ დღის შემდეგ ვეღარ გავდივარ ქუჩაში, შიში დამჩემდა, მუხლები მიკანკალებს და ცუდად ვხდები, ზოგჯერ წნევაც მიწევს“
გიორგის დედაც ყვება, როგორ მოეკვეთა ფეხები, როცა გიორგის დანაშაულის შესახებ შეიტყო, როგორ რცხვენია ახლა, როცა ამ მაგიდასთან ზის.
ამ პროცესზე აუცილებლად უსმენენ გიორგის, მან უნდა ახსნას, რას ნიშნავდა მისთვის ეს ქცევა, რისი მიღება ან მოპოვება უნდოდა მას ამ საქციელით?
„ფეხბურთზე დავდივარ, დედაჩემი ძლივს იხდის 150 ლარს. ბუცებიც დამეხა. ვერ ვივლი იქ დახეული ბუცებით. მალე ჩემპიონატია და მინდოდა, ფული შემეგროვებინა“.
მოდით, ერთად დავაკვირდეთ ამ პროცესს და მის უპირატესობებს:
- დანაშაული განიმარტება, როგორც ადამიანისათვის ან საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი (გიორგი ხვდება, რომ მეორე მხარემ არა მარტო მატერიალური, მძიმე მორალური ზიანიც მიიღო);
- ყურადღების ცენტრში პრობლემის გადაჭრა და ზიანის გამოსწორებაა (მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ისტორია მოისმინა, გიორგის აქვს მუხტი, რაღაც გააკეთოს შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად);
- ყურადღების ცენტრში დაზარალებულის უფლებები და საჭიროებებია, მას აქვს შესაძლებლობა ღიად გამოხატოს თავისი გრძნობები და ამით ეხმარება არასრულწლოვანს გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება;
- პროცესი დამნაშავეს ეხმარება გახდეს ემპათიური დაზარალებულის, მშობლების და სხვა პირების მიმართ, მასში იღვიძებს სინანულის განცდა, რასაც დაძლევს სათანადო ქმედებებით;
- არასრულწლოვანი ხდება ანგარიშვალდებული, რაც ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას, ბოდიშის მოხდას და ზიანის გამოსწორებაში დახმარების გაწევას
განრიდებისა და მედიაციის პროგრამისთვის კვანძის გახსნა კი ის ვალდებულებებია, რასაც მოზარდი პროცესში მონაწილე პირებთან შეთანხმებით იღებს და ხელს აწერს, ანუ პასუხისმგებლობას კისრულობს.
გიორგი ვალდებულია, 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად მიაკითხოს პენსიონერ ქალს, მოიკითხოს და გამოართვას ე.წ. საყიდლების ან გადასახადების სია, მოუტანოს პროდუქტი და წარუდგინოს ქვითარი, რომელიც ადასტურებს თანხის გადახდას.
და რა იქნება ფინალში? 6 თვის შემდეგ გიორგის აუცილებლად ეცოდინება, რას ნიშნავს იყო მარტოხელა მოხუცი, როგორ გაჭირვებით უწევს მას თავის გატანა თვიდან თვემდე, რომ 20 ლარი ხშირად შეიძლება ერთი კვირის სარჩოს ამყოფინო და რომ ადამიანის ცხოვრება სავსეა ემოციებით, მას წყინს, ეშინია, სევდიანობს… და ემოციური ტკივილი ბევრად ღრმა კვალს ტოვებს.
For English, please visit the following link: https://www.penalreform.org/blog/the-life-of-a-teenager-in-two-scenarios/
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:15
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.