არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, როგორც მულტიდისციპლინური პროცესი
28th May 2020

„ბავში რომელიც არასწორად იქცევა, გაძლევს განგაშის სიგნალს: არის რაღაც, რაც არ მესმის, არ მსურს, რასაც ვაპროტესტებ – ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. რატომ არ უნდა ვკითხოთ, რა არის ეს? ეს ყოველთვის მუშაობს, ყოველთვის! მაშინაც კი, როცა ბავშვი უკვე მიჩვეულია დასჯას, ცემას და ა.შ..“ – რენატე ვინტერი, მოსამართლე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი.
როდესაც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი სოციალურ მუშაკად, არასრულწლოვნების საქმეები შეადგენდა ჩემი სამუშაოს მნიშვნელოვან ნაწილს. ბავშვებს ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი სააგენტოს და პროკურატურის ოფისებში, მათ ოჯახებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. როდესაც არასრულწლოვანთან შეხვედრისა და ინტერვიუს ჩატარების მიზნით, ციხის შენობაში გავდიოდი რამოდენიმე გასასვლელს, დაცულს ძიმე რკინის კარებით, გისოსებით და მძიმე საკეტებით, მიჩნდებოდა განცდა, რომ მეტისმეტი იყო ბავშვების ამგვარად დაცულ შენობებში ყოფნა, საზოგადოების უსაფრთხოების მიზნებისთვის. ბავშვებთან საუბრის შემდეგ, რომელიც შეეხებოდა მათ ცხოვრებას დაწესებულებაში და მის გარეთ, ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, დამოკიდებულებას აღნიშნულის მიმართ, ემოციურ და ჯანმრთელობის მგდომარეობას, მოლოდინებს მომავლის მიმართ და სხვა, უკან გამობრუნებული ზოგჯერ ხელახლა ვაცნობიერებდი, თუ სად ვიმყოფებოდი. ხშირად მქონდა დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ ბავშვი იქ რჩებოდა, მე კი გარეთ ვბრუნდებოდი. ასეთ დროს მიჩნდებოდა კითხვა, ნუთუ ნამდვილად აუცილებელია ბავშვების აქ ყოფნა, იმისათვის, რომ სხვა ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგები გამოსწორდეს, დანაშაული აღარ გაიმეორონ და ეს სხვანაირად არ გამოვა მეთქი. ასეთ დროს ჩემს ხელში შესაძლებლობად იქცეოდა არასრულწლოვნის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომელსაც ჩემგან ელოდა პროკურორი ან მოსამართლე და რომელზე დაყრდნობითაც (სხვა გარემოებებთან ერთად), უნდა გადაწყვეტილიყო, რა ფორმის სასჯელი იქნებოდა მისი მიზნების განხორციელებისათვის ყველაზე მეტად შესაფერისი, კონკრეტული არასრულწლოვნის შემთხვევაში. აქ კი ახალი გამოწვევა იწყებოდა, ანგარიშში რეალურად უნდა ამესახა მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და ჩემს პირად დამოკიდებულებას მის შინაარსზე გავლენა არ უნდა მოეხდინა.
ანგარიშში არასდროს ვიყენებდი სიტყვა მსჯავრდებულს, რადგან ეს სისხლის სამართლის სისტემაში მოხვედრილი ბავშვის მხოლოდ ერთი როლი, ერთი მხარეა. მჯეროდა, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩემს მიერ მომზადებული დოკუმენტი, არაფრით იქნებოდა განსხვავებული მის შესახებ ნაწარმოები სამართლებრივი ჩანაწერებისაგან და არაფერს მისცემდა ახალს სისხლის სამართლის წარმოების პროცესს. ასევე, მჯეროდა, რომ მე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სოციალური მუშაკი, აღნიშნულ პროცესში ვმონაწილეობდი იმიტომ, რომ შემეტანა მსჯავრდებული ბავშვის შესახებ ხედვა განსხვავებული პერსპექტივიდან.
როდესაც პროკურორების და მოსამართლეების ჯგუფებთან ერთად ვმუშაობდი, ხშირად ჩემთვის გაუგებარი იყო მსჯავრდებული ბავშვებისადმი მათი დამოკიდებულების საფუძველი. მიფიქრია და მითქვამს კიდეც, რომ არასდროს ვიქნებოდი ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ადამიანის პატიმრობის და მისი ხანგრძლივობის შესახებ. ხშირად მიგვრძნია ბრაზი და გაკვირვება, მიმიჩნევია ისინი გულგრილ ადამიანებად, რომლებიც სასჯელის შესახებ იღებენ გადაწყვეტილებას და თითქოს ნაკლებად აინტერესებთ, რა გავლენას მოახდენს ეს ამ ადამიანის ცხოვრებაზე ხანგრძლივად. გარკვეული ხნის შემდეგ გავაცნობიერე, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვისაც შესაძლოა ასევე გაუგებარი ჩანდა ჩემი ლმობიერი დამოკიდებულების მიზეზები არასრულწლოვნების მიმართ. ალბათ ისინი თავისმხრივ თვლიდნენ ჩემს თვალთახედვას მიმდინარე პროცესისთვის შეუსაბამოდ, შესაძლოა უსარგებლოდაც.
ერთ-ერთ კონფერენციაზე რამოდენიმე მოსამართლისგან მოვისმინე, რომ არასდროს იყვნენ ნამყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მთელი მათი სამოსამართლეო პრაქტიკის მანძილზე, მაშინ როცა, ალბათ ყოველდღიურად გამოჰქონდათ პატიმრობის შესახებ განაჩენები სხვადასხვა პირისათვის. გამახსენდა, რომ მე დანაშაულის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობა სრულად გავიაზრე, როდესაც თავად აღმოვჩნდი ამ როლში და როდესაც მედიაციის კონფერენციებზე ვუსმენდი მათ. მანამდე, ხშირად უკეთ მესმოდა დანაშაულების ჩამდენი ადამიანების, ვიდრე დაზარალებულების. პატიმრობაში მყოფი ბავშვის მდგომარეობა უკეთ გავისიგრძეგანე, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვნახე და ვესაუბრე. მივხვდი, რომ ჩვენ ერთი პროცესის სხვადასხვა ნაწილს ვუყურებდით და მხოლოდ მასზე ვსაუბრობდით, ძირითად შემთხვევებში სხვა ეტაპების გათვალისწინების გარეშე. სასამართლო და ბრალდების მხარეებისათვის, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არსებული კანონმდებლობის შესაბამისი მსჯავრის გამოტანა. მოსამართლეთა უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას როგორ იმუშავა მათ მიერ განსაზღვრულმა სასჯელმა კონკრეტული არასრულწლოვნების შემთხვევაში, მიიღწა თუ არა სასჯელის მიზნები შერჩეული სასჯელის შედეგად. შესაბამისად, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გარდა, მათი გადაწყვეტილებები დააფუძნონ სხვა ცოდნასა და გამოცდილებას. ეს მაშინ, როცა ჩემი და ჩემი კოლეგა სოციალური მუშაკების, პენიტენციური და პრობაციის სისტემებიდან, სამუშაო იწყებოდა სასჯელის მისჯის შემდეგ და მიზნად ისახავდა ამ სასჯელის იმგვარად აღსრულებას, რომ ადამიანს აღარ გაემეორებინა დანაშაულებრივი ქმედება. ჩვენი რწმენით, აღნიშნულის მიღწევა ყველაზე უკეთ შესაძლებელია არასრულწლოვნების დახმარებით, გაიაზრონ მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგები თავად მათთვის, დაზარალებულებისთვის და მთლიანი საზოგადოებისთვის და ამაზე დაფუძნებით, შეიცვალონ დამოკიდებულება და ცხოვრების წესი. ამისათვის კი საჭიროა მოვუსმინოთ და გავიგოთ მათი, გულწრფელად დავინტერესდეთ მათი ცხოვრების გაუმჯობესებით და მხარდაჭერა გავუწიოთ ამ გზაზე. აღნიშნულის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობა, ჩვენთვისაც და მათთვისაც, სწორად შერჩეული სასჯელის ფორმაა.
როდესაც ეს განსხვავება გავაცნობიერე, შევწყვიტე კამათი, დავიწყე მოსმენა და დაკვირვება – გადავედი დიალოგზე და შევეცადე გამეგო მათი პერსპექტივა. შედეგად, გავიაზრე, რომ ზოგჯერ მეც ვკარგავდი ზომიერების შეგრძნებას ამ პროცესში და ჩემი მხარე მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვნად საბოლოო შედეგის მიღწევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროფესიონალებმა კარგად ვიცით, რომ სასჯელის მთავარ მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, როგორც ჩანს ჯერ კიდევ გვიჭირს წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურება მათი განხორციელება პრაქტიკაში. პროცესში ჩვენს ფუნქციას ვასრულებთ ერთი რომელიმე მოკლევადიანი ამოცანის ფარგლებში, თუმცა ვიაზრებთ, რომ ჩამოთვლილი მიზნები არც მხოლოდ სასჯელის მისჯით მიიღწევა და არც ცალკე აღებული სარეაბილიტაციო მუშაობით და ამისათვის აუცილებელია ჩვენი პერსპექტივები ვაქციოთ ერთი პროცესის ურთიერთდაკავშირებულ ნაწილებად. ამიტომ, მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებაზე ფიქრს ვიწყებდეთ არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასაწყისი ეტაპიდან და პროცესის თითოეული მონაწილე, პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ საბოლოო შედეგზე, მიუხედავად იმისა თუ ამ პროცესის რომელ ეტაპზე ვმონაწილეობთ აქტიურად და ეს პასუხისმგებლობა გამოიხატებოდეს ამ მიზნების და ადამიანთან დაკავშირებული ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებასა და ქმედებაში.
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:11
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.