არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და სოციალური მუშაკის როლი
29th May 2020

უკანასკნელ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელი მზარდია, საკითხმა მეტი აქტუალობა შეიძინა. აღნიშნულზე მსჯელობისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხებია, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ არის შესაძლებელი ამ გამოწვევასთან გამკლავება? რომელი სისტემა და ვინ შეძლებს არასრულწლოვნის საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამაზე ადეკვატურ რეაგირებას? საჭიროებს თუ არა ეს სპეციალურ განათლებას? შეუძლია თუ არა ყველა სპეციალობის მქონე პირს არასრულწლოვანთან მუშაობა ამ მიმართულებით?
ცხადია, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას ერთი კონკრეტული სისტემა ვერ მოახდენს. ვინაიდან, ეს არის ყველა იმ სისტემისა თუ თავად საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელთანაც არასრულწლოვანს აქვს შეხება. სწორედ ეს განასხვავებს არასრულწლოვანთა და ზრდასრულთა კანონსაწინააღმდეგო ქცევას ერთმანეთისაგან – არასრულწლოვნის შემთხვევაში, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ქცევისა და დამოკიდებულებების ცვლილება სწრაფად ხდება და ასევე, ბევრი ფაქტორი მათ ცხოვრებაში, მათ კონტროლს მიღმაა. შესაბამისად, არასრუწლოვნები, რომლებიც ჩადიან კანონსაწინააღმდეგო ქცევას, ხშირ შემთხვევაში, პირველ რიგში არიან არა კანონდამრღვევები, არამედ მსხვერპლი იმ გარემოსი, რომელშიც უხდებათ ცხოვრება. ისინი ხშირად აწყდებიან სირთულეებს, რომელთან გამკლავებაც მათ ძალებს აღემატება. სწორედ ამიტომ საჭიროებენ განსაკუთრებულ ზრუნვას, ყურადღებასა და დაცვას.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური მომსახურება, რომლის მიწოდების შემთხვევაში მიზანი მიიღწევა. ვინაიდან, ყველა დელიქვენტურ ქცევას ინდივიდუალური საფუძველი აქვს და სწორედ ამ ინდივიდუალურ ფაქტორებზე მიმართული მომსახურება განიხილება დანაშაულის პრევენციად.
როგორც უკვე აღინიშნა, არასრულწლოვნის მიერ დელიქვენტური ქცევის განხორციელებას განაპირობებს სხვადასხვა სირთუულეები, რომელიც შესაძლოა იყოს სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ტიპის. მათ ხშირად უხდებათ სხვადასხვა ტიპის სირთულესთან გამკლავება, რაც უბიძგებთ დელიქვენტური ქცევისკენ. მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრამ კი შესაძლოა გაზარდოს მათთვის ხელახალი ზიანის მიყენების რისკი, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გათვალისწინებული მათი ქმედების გამომწვევი მიზეზები, აქცენტი გაკეთდება დასჯაზე და არა მათ მხარდაჭერაზე და რეაბილიტაციაზე, როდესაც ხდება ყურადღების გამახვილება არასრულწლოვნის სამომავლო კეთილდღეობაზე და სასჯელი მიზნად არ ისახავს რეაგირებას განხორციელებულ ქმედებაზე – დასჯას.
რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემას აღნიშნულის მიღწევა დამოუკიდებლად არ ძალუძს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სამართალდამცავებთან ერთად ისეთი სპეციალისტების ჩართულობა, რომელთა საქმიანობა მიმართულია სწორედ ინდივიდის კეთილდღეობის გაზრდაზე და გაძლიერებაზე. ასეთ სპეციალობად განიხილება სოციალური მუშაობა, რომლის მთავარი პრინციპები პირდაპირ გავლენას ახდენს ინდივიდის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე: სოციალური ცვლილების ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერა და პიროვნების გაძლიერება მისი კეთილდღეობის გაზრიდსთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სოციალურ მუშაობას აქვს შესაძლებლობა მოახდინოს პოზიტიური გავლენა ბენეფიციარზე მართლმსაჯულების აღსრულების ყველა ეტაპზე: გამოძიების, სასჯელის დანიშვნის, აღსრულების და გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ ეტაპებზე.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდგომ სოციალური მუშაკის როლი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მუშაობაში მეტად გამოკვეთა. სწორედ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე სოციალური მუშაკის მიერ მზადდება არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, როდესაც ხდება ზემოთჩამოთვლილი სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გაანალიზება, არასრულწლოვნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მისი ძლიერი (დამცავი) ფაქტორებს იდენტიფიცირება. აღნიშნული კი მოსამართლეს საშუალებას აძლევს დაინახოს ის ფაქტორები, რომელმაც არასრულწლოვანი ამ გარემოებამდე მიიყვანა და სასჯელი მიმართული იყოს მისივე ჭეშმარიტი ინტერესების დაცვისაკენ. სასჯელის აღსრულების ეტაპზე კი სოციალური მუშაკი იმ საჭიროებებზე რომელიც არასრულწლოვანს აქვს მისივე გაძლიერებით ცდილობს ცვლილების მოხდენას.
როგორც ვხედავთ, სოციალური მუშაკის როლი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე. თუმცა, რეალურ პროცესში სოციალური მუშაკები და თავად პროფესია არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ხშირად მათთან გამკლავება რთული ხდება და ამცირებს იმ ეფექტიანობას, რომლის მიღწევაც სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. აღნიშნულის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორიი კი პროფესიისა და მისი საქმიანობის შესახებ განსხვავებული შეხედულებებია.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მოხდეს სრულად გააზრება, რომ სოციალური მუშაობა არის პროფესია, რომელიც არის ღირებულებების, ცოდნისა და უნარების ერთობლიობა. იმისათვის, რომ ზემოთაღწერილი პროცესი ეფექტურად აღსრულდეს, მოხდეს არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე ეფექტური რეაგირება, საჭიროა შესაბამისი ცოდნისა და უნარების ფლობა. ვინაიდან, სხვაგვარად შეუძლებელი ხდება ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდება, რომელიც მიმართულია მის საჭიროებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის პროცესისათვის მთავარი კომპონენტის არამართებულად აღსრულება – ბენეფიციარისათვის ისეთი მომსახურების შეთავაზება, რომელიც შესაძლოა არ არის კავშირში განხორციელებულ ქმედებასთან, მის გამომწვევ მიზეზებთან და სამომავლო ქმედების პრევენციასთან. შესაბამისად, სოციალური მუშაკის მიერ პროფესიული საქმიანობის ეფექტურად აღსრულება პროფესიის ღირებულებებისა და აღსრულების მიზნების გათვალისწინებით, შესაძლებელია, როდესაც ხდება: სოციალური მუშაკის როლის სრულყოფილად გააზრება და აღიარება მართლმსაჯულების სისტემაში. მისი რესურსის მართებულად და ეფექტურად მიმართვა საჭიროებებზე; მუდმივი განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული მხარდაჭერა. ამასთანავე, სოციალური მუშაკების საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა. მათთვის იმგვარი სამუშაო პირობების შექმნა, რომელიც საშუალებას იძლევა თითოეულ ბენეფიციარისათვის საჭირო დროისა და რესურსის მიმართვის.
მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლოა სასურველი შედეგის მიღწევა – აღსრულდეს სასჯელი არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვით და გავაძლიეროთ ისინი იმგვარად, რომ შეძლონ დამოუკიდებელი პროსოციალური ფუნქციონირება.
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:11
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.