პატიმარი დედების შვილები
17th June 2019

ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – ერთად.
პატიმარი დედების შვილები – ბავშვის უფლებების რეალიზაციის კუთხით ორმაგად მოწყვლადი ჯგუფი!
არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ (PRI) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა, დისკრიმინაცია და სტიგმა, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ ფარგლებში 2017-2019 წლებში განახორციელა სხვადასხვა ტიპის დახმარების სერვისების მიწოდება, როგორც ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალთა არასრულწლოვანი შვილებისათვის, ასევე ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ დედებთან ერთად მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობის და აღზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად, დედებსა და შვილებს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.
ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებას საფუძვლად დაედო ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, აღნიშნულ სამიზნე ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებაში, რომლებიც PRI-ის მიერ გამოვლენილი იქნა წარსულში განხორციელებული პროექტებისა და ჩატარებული კვლევების ფარგლებში.
კანონთან კონფლიქტში მყოფი ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალურად დაუცველ შვილებს (სულ 97 ბენეფიციარს), ძირითადად, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის პროფესიული ჩართულობით, ასევე მიეწოდათ უფასო სოციალურ-ეკონომიკური (საკვების, პირველადი მოხმარებისა და სასკოლო ნივთების, სათამაშოებისა და ტანსაცმლის შესყიდვა, საგანმანათლებლო წრეების დაფინანსება) და სამედიცინო დახმარების სერვისები (ოპერაციების თანადაფინანსება, ექიმთან ვიზიტების და სამედიცინო კვლევების დაფინანსება, მედიკამენტების შესყიდვა).
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველად ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ დედებთან ერთად მყოფ 3 წლამდე ბავშვებისთვის მოეწყო ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი და მსჯავრდებულ ქალებთან მუშაობა დაიწყო აღმზრდელმა-ფსიქოლოგმა, რომლის საქმიანობა მოიცავდა პატიმარი დედებისათვის ფსიქო-სოციალურ კონსულტირებას ბავშვების განვითარების თავისებურებების შესახებ, იქ მყოფი ბავშვების ადრეული განვითარების მასტიმულირებელი აქტივობების განხორციელებას, ასევე აღმზრდელის მხარდაჭერით დედებს, რომლებსაც ყავდათ 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები, ეძლეოდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ სარეაბილიტაციო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში.
დაწესებულებაში სპეციალურად მოწყობილ დედათა და ბავშვთა სახლში, შეიქმნა საბავშვო ბაღის ტიპის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სასწავლო ოთახი (შეძენილი იქნა აუცილებელი ინვენტარი, აღიჭურვა ბავშვთა განმავითარებელი სათამაშოებით) სასეირნო და სათამაშო მოედანი (საბავშვო ატრაქციონები). ასევე, გარემონტდა მსჯავრდებული დედების საერთო სარგებლობის სამზარეულო.
ასევე შემუშავებული იქნა სამ წლამდე ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრის სახელმძღვანელო წესები – ეროვნული სტანდარტი, საერთაშორისო დოკუმენტებზე, სახელმძღვანელო წესებზე, საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს არსებული პრაქტიკა დაპატიმრებული მშობლების ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით, ციხის თანამშრომლების ინფორმირებულობის გაზრდის, ეთიკური და პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით.
წარმოდგენილ ბლოგში, მინდა მოკლედ მიმოვიხილო ის მნიშვნელოვანი სტანდარტები, რომლებსაც გვთავაზობს საერთაშორისო დოკუმენტები დაპატიმრებული მშობლების შვილების უფლებებისა და საჭიროებების გათვალისწინების კუთხით.
პირველ რიგში, როგორც სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, მშობლის, განსაკუთრებით დედის ან მარტოხელა მშობლის დაპატიმრება ბავშვისთვის ისეთ დამაბრკოლებელ გარემოებებს წარმოშობს, როგორიცაა სრულფასოვანი საოჯახო კავშირის არარსებობა და მისით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, საზოგადოების მხრიდან სტიგმა, ფინანსური დაბრკოლებები, რაც ხშირ შემთხვევაში, აისახება ბავშვის სრულფასოვან განვითარებაზე.
ასეთ დროს მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებში არსებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს დაპატიმრებული მშობლების ბავშვების დაცვას და მხარდაჭერას, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებისა და პრინციპების საფუძველზე. მეორეს მხრივ, ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც კავშირში არიან ასეთ მოწყვლად ბავშვებთან კოორდინირებულად მუშაობენ ბავშვთა და მათი დაპატიმრებული მშობლების უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანონთან კონფლიქტში მყოფი ორსული ქალებიც ხვდებიან პენიტენციურ დაწესებულებებში გარკვეული ვადით. ძირითადად, სამ წლამდე მსჯავრდებული ქალების შვილებს, რომლებიც დაიბადნენ ციხეში, უწევთ სასჯელის მოხდის დაწესებულებებში ცხოვრება, თავიანთ დედებთან ერთად, ვინაიდან კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას.
როგორც წესი, ციხის გარემო უზღუდავს ბავშვებს ჩვეულებრივ ბავშვურ ცხოვრებას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ციხის ადმინისტრაციისთვის არის ერთერთი გამოწვევა. ციხეში, როგორც წესი, არსებობს დამატებითი რისკები, თუმცა ბავშვისთვის დედასთან ერთად ციხეში ცხოვრება შეიძლება კვლავ წარმოადგენდეს ბავშვისთვის საუკეთესო ან ერთადერთ შესაძლებლობას და ასევე შეილება იყოს ნაკლებად საზიანო ვიდრე დაშორება.
ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ციხეში, არ უნდა გათანაბრდნენ პატიმრებთან და მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის ვალდებულება აქვს ციხის ადმინისტრაციას, სწორი ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების დაგეგმვის ჩათვლით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (,,ნელსონ მანდელას წესები“) ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს ციხეში მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებთან მიმართებაში, ხოლო გაერთიანებული ერების „ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ ბანგკოკის წესები“ ავსებს „მანდელას წესებს“ უფრო დეტალური სახელმძღვანელო პრინციპებით თუ როგორ უნდა განხორციელდეს მშობლების და ბავშვების მხარდაჭერა, მათ შორის ბავშვების ემოციური მდგომარეობის და განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ბავშვის ციხეში დატოვების ნებართვის გაცემის ან ციხიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით, ციხეში ბავშვის ყოფნის ხანგძლივობის განსაზღვრასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება ბავშვის დედასთან ერთად, ციხეში დარჩენის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. დაწესებულებაში, სადაც ბავშვი უნდა დარჩეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
- ბავშვის მოვლის შიდა და გარე ობიექტები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალებით.
- სადაც შესაძლებელი იქნება ბავშვების დატოვება მაშინ, როდესაც ის მშობლის მზრუნველობის ქვეშ არ იმყოფება.
- პედიატრიული სამედიცინო მომსახურება და ბავშვის გავნითარების ზედამხედველობა სპეციალისტების მიერ.
დაკავებული მშობლის ბავშვებზე ზრუნვის და მათი დაცვის მნიშვნელობა მოხსენიებულია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სარეკომენდაციო წესებში „წევრი სახელმწიფოებისადმი პატიმრობაში მყოფი მშობლების შვილებთან დაკავშირებით“ , რომელიც ადასტურებს, რომ დაპატიმრებულ მშობელთა ბავშვებს მინიჭებული აქვს ისეთივე უფლებები, როგორც ყველა სხვა ბავშვს.[1]
ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში, ბავშვის უფლებებსა და საუკეთესო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ უპირატესი მნიშვნელობა. ყველა ბავშვისთვის მათი მშობლების სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, გარანტირებული უნდა იყოს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლება, მათ შორის უფლება განვითარებაზე, მათი პირადი აზრის პატივისცემისა და რეგულარულ საფუძველზე მშობლებთან პირადი ურთიერთობების და უშუალო კონტაქტის შენარჩუნების უფლება.
„სტამბოლის კონვენცია“ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ მიიღონ ყველა საკანონმდებლო ან სხვა ზომა, იმ ბავშვების გამოსავლენად და დასაცავად, რომლებიც იზრდებოდნენ ძალადობრივ გარემოში ან შემსწრე იყვნენ ძალადობის. ეს ზომები მოიცავს ფსიქო-სოციალურ და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რომლებიც მორგებული იქნება ბავშვზე.[2]
აუცილებელია დაცული იქნას ბავშვის ემოციური და ურთიერთობის გაგრძელების უფლება და საჭიროება იმ მშობელთან, რომელსაც აქვს უფლება და მოვალეობა შეასრულოს მშობლის როლი და ხელი შეუწყოს შვილებისთვის პოზიტიური გამოცდილების შენარჩუნებას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს მშობლის კომპეტენციის განვითარებას, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ყველა იმ საშუალებებთან, რაც შესაძლებლობას მისცემთ მათ იზრუნონ შვილებზე, მოუმზადონ საკვები, ითამაშონ მათთან როგორც ციხეში, ასევე ციხის გარეთ არსებულ ღია სივრცეში და მოამზადონ ბავშვები ბაღისთვის.
ასევე, პენიტენციურმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ ჩვილთა ციხის ღია სივრცეების და სათანადო თანმხლებთან ერთად ციხის გარეთ არსებული სამყაროს და საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა.
მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ბავშვისა და მისი მშობლის კავშირს, რათა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა განვითარდეს შეძლებისდაგვარად ნორმალურ პირობებში, მშობლების მიერ მათი მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობითა და დაპატიმრებული მშობლებისთვის ბავშვებთან დროის გასატარებლად მაქსიმალური შესაძლებლობების უზრუნველყოფით;
ხშირ შემთხვევებში, ციხის მკაცრი გარემოსგან ბავშვების დაცვის, მშობლების დაბრუნებისთვის მათი მომზადებისა და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მშობლების თანამონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, პატიმრებს უნდა მიენიჭოთ ციხის დატოვების უფლება, სადაც ეს შესაძლებელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათავისუფლებისთვის მომზადების პერიოდში, რაც პატიმრობაში მყოფ მშობელს მისცემს მეტ შესაძლებლობას გათავისუფლებისას მშობლის როლისა და მოვალეობების სრულად აღდგენისთვის.
ბავშვის დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პატიმრების, მათ ბავშვებისა და ოჯახების, ციხის თანამშრომელთა და ციხეში მომუშავე ან ვიზიტორ სხვა პირებს შორის ურთიერთპატივისცემის, ტოლერანტობის და პოტენციურად დამაზიანებელი ქცევის პრევენციის გაძლიერებისკენ. მართლწესრიგი, უსაფრთხოება და დაცვა, განსაკუთრებით დინამიური უსაფრთხოება, საფუძვლად უდევს ციხეში მეგობრული და დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას.
იმისათვის, რომ დაცული იქნას ბავშვის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილ სტანდარტზე, შესაბამის პრენტალურ და პოსტნატალურ ჯანდაცვაზე, დაპატიმრებულ დედებს უნდა მიეწოდოთ მხარდაჭერა და სათანადო ინფორმაცია ამის შესახებ.
ახალშობილები, შესაძლოა, დარჩნენ ციხეში მათ მშობელთან ერთად მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეესაბამება ახალშობილის საუკეთესო ინტერესს და გათვალისწინებულია ადგილობრივი კანონმდებლობით. ციხეში მშობელთან ერთად ახალშობილის დატოვების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს თითოეული შემთხვევის განხილვის საფუძველზე.
ციხეში მშობელთან ერთად მყოფ ჩვილ ბავშვთა ზრუნვის ღონისძიებები და საშუალებები, მათ შორის საცხოვრებელი და საძინებელი ფართი, უნდა იყოს მორგებული ბავშვის ინტერესებს.
ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, ციხის ადმინისტრაციამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალებები, როგორიცაა პატიმრის მიერ ციხის დროებითი დატოვება სახლში წასვლის მიზნით, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებები, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული პროგრამები და სერვისები, რაც გააადვილებს ციხიდან გათავისუფლების გარდამავალ პერიოდს, შეამცირებსსტიგმას, ხელს შეუწყობს ოჯახთან ურთიერთობის განახლებას შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე და შეამცირებს მშობლის დაპატიმრებით გამოწვეულ ზეგავლენას ბავშვზე.
ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებები მხედველობაში უნდა იღებდნენ პატიმარი მშობლის მოვლა-მზრუნველობით ვალდებულებებს, ასევე მათი ოჯახთან რეინტეგრაციისთვის აუცილებელ სპეციფიკურ საჭიროებებს.
ციხის ადმინისტრაციამ, პრობაციისა ან/და სოციალური კეთილდღეობის სერვისებთან, ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით უნდა შექმნას და განახორციელოს გათავისუფლების წინა და შემდგომი რეინტეგრაციის პროგრამები, რომლებიც მხედველობაში მიიღებს საზოგადოებაში მშობლის როლის აღდგენის მიზნით პატიმართა სპეციფიკურ საჭიროებებს.
რაც შეეხება საქართველოს პრაქტიკას, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით და დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრება.[3]
ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისათვს სხვა მსჯავრდებულებისაგან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობების შექმნის მიზნით ეწყობა დედათა და ბავშვთა სახლი, სადაც დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და დაწესებულების დირექტორის თანხმობით, განთავსებულნი არიან დედები 3 წლამდე ბავშვებთან ერთად.
დედათა და ბავშვთა სახლი გამოყოფილია სხვა მსჯავრდებულთა საცხოვრებლისაგან და აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ინვენტარით.
ქალთა სპეციალური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია იზრუნოს მსჯავრდებულ დედასთან მცხოვრებ ბავშვებზე, უპირატესად დაიცვას მათი ინტერესები და შეუქმნას მათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საუკეთესო პირობები. დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო.[4]
3 წელს მიღწეული ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, (ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში) პატიმარ დედას აქვს უფლება მოითხოვოს, დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება და მოინახულოს შვილი. დასვენების და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.[5]
საქართველოს კანონმდებლობა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმარი დედების შვილების მოვლა-მზრუნველობის კუთხით ძირითადი პრინციპების დონეზე, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. მსჯავრდებული დედების შვილების უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები საჭიროებს დეტალურ აღწერას შესაბამის რეგულაციებში (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში) და შესაბამისად პრაქტიკის გაუმჯობესებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
- ბავშვების უფლებები მშობლის წინასწარი დაკავების, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისა და განაჩენი გამოტანისას;
- პატიმრობის პირობები
- განთავსება, კომუნიკაცია, კონტაქტი და ვიზიტები
- ციხის დატოვება
- მართლწესრიგი, უსაფრთხოება და დაცულობა
- ახალშობილები ციხეში
- მხარდამჭერი ზრუნვა (Through-care)
- ბავშვებთან და მათ დაპატიმრებულ მშობლებთან მომუშავე თანამშრომლების ფუნქციები
- მულტიდისციპლინური და უწყებათაშორისი მიდგომა
- მონიტორინგი, კვლევა და შეფასება ბავშვებისთვის კეთილგანწყობილი პრაქტიკისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით
- მუშაობა მედიასთან და საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე
გარდა ზემოაღნიშნულისა, დღესდღეობით, პენიტენციურ სისტემაში ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა განვითარების დღის ცენტრისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება და აღმზრდელის (ბავშვთა ფსიქოლოგის, პედაგოგის) საშტატო ერთეულის ინსტიტუციონალიზაციისთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა და ასახვა, როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე აქტების დონეზე (პატიმრობის კოდექსი, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების დებულება), შესაბამისი სახელმძღვანელო წესების შემუშავება ციხის თანამშრომლებისთვის.
უმნიშვნელოვანესია პენიტენციურ სისტემაში პატიმარი დედების შვილების უფლებებთან მიმართებაში, უშუალოდ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების გადამზადება და საერთაშორისოდ აღიარებული ახალი, გაუმჯობესებული სტანდარტებისა და წესების შეტანა, ციხის თანამშრომელთა ტრენინგების სასწავლო პროგრამებში/კურიკულუმებში.
[1] ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/REC/(2018)5 წევრი სახელმწიფოებისადმი პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვებთან დაკავშირებით, მიღებულია 2018 წლის 4 აპრილს მინისტრების მოადგილეთა 1312-ე შეხვედრაზე.
[2] ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია (სტამბოლის კონვენცია), 26-ე მუხლი.
[3] პატიმრობის კოდექსი, მუხლი 72.
[4] დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
[5]საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ, 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანება N113, მუხლი 13.
For English version, please follow the link: https://www.penalreform.org/blog/children-of-prisoner-mothers/
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:20
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.