გზა საზოგადოებისაკენ – თავისუფლების შენება
12th March 2019

ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – ერთად.
English version is available here: https://www.penalreform.org/blog/way-to-the-society/
პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა, პიროვნული სივრცის შეზღუდვასთან, ადამიანის სოციალური როლის, მისი ფსიქოლოგიური და ემოციური ფონის მნიშვნელოვან ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ციხის გარემო პატიმრისათვის თავისუფალი არჩევანის დაკარგვაა, ყოველდღიური სტიგმა, მუდმივი ნიღაბი იმის შიშით, რომ არ დაიჩაგროს; მან უნდა დაიცვას თავსმოხვეული მკაცრი წესები, გადარჩეს . . . ასეთ პირობებში შეინარჩუნო მომავლის შენების იმედი, გქონდეს ცხოვრების გაგრძელების მოტივაცია, უაღრესად რთულია და მოითხოვს დიდ ძალისხმევას, შინაგან საყრდენს, ოჯახის, საზოგადოებრივი გარემოს მხარდაჭერას, იმ ნაბიჯების განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც პენიტენციური სტრესის პირობებშიც კი თავისუფლების შენებისკენ იქნება მიმართული.
რა არის საჭირო პატიმრის რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის? ამ ტერმინების შინაარსი, ზოგადად, ნათელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ჩვენს აღქმაშიც კი, მათი არსი ბუნდოვანია, რადგან ამ დეკლარირებული ქმედებების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში ფრაგმენტულია, უმეტეს შემთხვევაში, ფორმალური და არასისტემატური.
მართალია, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე, თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც ხორციელდება სპეციალური პროგრამები ამ მიმართულებით, მიმდინარეობს კვლევები არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შექმნილია სპეციალური ცენტრები, მაგრამ ფართო საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის მათ შესახებ; გრძელვადიან პერსპექტივაში პატიმრებისთვისაც არ არის ნათელი იმ პროგრამების (საგანმანათლებლო, ტრენინგ პროგრამები, პროფესიული გადამზადების კურსები და სხვ.) განხორციელების შედეგი, რომლებშიც მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა პატიმრობის პერიოდში, თუმცა ამგვარ შედეგს და პერსპექტივის იმედს, ხშირად, ვერც ციხის გარეთ ვხედავთ.
რეაბილიტაციის პროცესი, უპირველესად, უნდა დაემყაროს პატიმრისადმი ღირსეულ მოპყრობას. ამ საფუძველზე უნდა აიგოს ურთიერთობა დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან და აქედან უნდა დაიწყოს მის მიერ საკუთარი დანაშაულის გაცნობიერება. თუმცა სინანული მოგვიანებით მოდის, რასაც პიროვნულ ძალისხმევასთან ერთად ფსიქოლოგის, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური სამსახურის, ოჯახის დახმარება სჭირდება. მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენილი პატიმარი თავს, ძირითადად, მსხვერპლად მიიჩნევს და ეს ერთგვარი „დამცავი“ რწმენა, რასაც, დიდწილად, პენიტენციური სტრესი ავითარებს, დანაშულის ჩამდენ პირებში ბლოკავს სინანულის გრძნობას. ადამიანის, როგორც პიროვნების აღქმა, მის მიმართ სათანადო მოპყრობა პატიმრობის პირობებში ქმნის შიდა გარემოსთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობის მეტ შესაძლებლობასა და რეაბილიტაციის პერსპექტივას.
პატიმრების „წინა ცხოვრება“ დიდად განაპირობებს მათ ყოფასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს ადამიანები, უმეტესად, შეჭირვებული, არაკეთილსაიმედო ოჯახებიდან არიან. მათ ბევრი პრობლემა მოჰყვებათ – სოციალური ხასიათის, ჯანმრთელობის… აქვთ განათლების დეფიციტი და სხვა.
ევროპულ კვლევებში (მაგალითად, დიდი ბრიტანეთის) პატიმართა რეაბილიტაციისა და შემდგომი რესოციალიზაციისათვის უპირველეს საჭიროებად მათი ჯანმრთელობის საკითხია მიჩნეული. ეს არის ზოგადი ჯანმრთელობის დაცვა და უზრუნველყოფა, მენტალური, რეპროდუქციული პრობლემები, ძალადობით, მათ შორის, სექსუალური შევიწროების შედეგად გაჩენილი ავადობების მკურნალობა, საგანგებო დიეტის დაცვის საჭიროება ზოგიერთი მსჯავრდებულისთვის, მათი გეგმიური და სიმპტომატური მკურნალობა, ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფა და სხვ.
ყველა ჩამოთვლილი მიმართულება, ცხადია, უნდა დაეფუძნოს შესაბამის, წინასწარ შემუშავებულ სტანდარტებს, რომელთა ჩამოყალიბებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების თავისებური გარემო, პატიმართა ამჟამინდელი და წინა, პატიმრობამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებები. რთულია ასეთ პირობებში იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ციხეში მკურნალობენ, ძირითადად, მწვავე სიმპტომების გამოვლენისას და არა სისტემატურად. ჯანმრთელი მოქალაქის დაბრუნება ერთ-ერთი ასპექტია მისი შემდგომი რეაბილატიციისათვის და, შესაბამისად, აღნიშნული განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
საგანგებო ყურადღება ამ თვალსაზრისით უნდა მიექცეს ქალთა გენდერ-სპეციფიკურ პრობლემებს. პატიმრებთან ჩვენი ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში გამოიკვეთა საკითხების მთელი წყება, რომლებიც უკავშირდება დედების მშობლის უფლების განხორციელებას. მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოება მკაცრია და ნაკლებად მიმტევებელი, ზოგადად, დამნაშავის, მით უფრო, დამნაშავე დედის მიმართ.
სტერეოტიპები – „ ასეთი დედა სულ არ ჰყავდეს ბავშვს, ჯობია“, „რატომ უნდა ნახოს შვილმა დედა ციხეში“, „უკეთესია, ასეთი დედა სულაც დაივიწყოს ბავშვმა“ და სხვა – ზიანს აყენებს დედასაც და ბავშვსაც; წყდება საზოგადოებრივი ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, იხშობა მომავალი ურთიერთობის პერსპექტივა. აქ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულონ ციხისა და მუნიციპალიტეტის სოციალურმა სამსახურებმა, ფსიქოლოგებმა, რომლებმაც უნდა იმუშაონ როგორც დედასთან, ასევე, შვილებთან და პატიმრის ოჯახებთან.
პატიმართა განსაკუთრებულ კატეგორიას მიაკუთვნებენ მკვლელებს. ფსიქოლოგიური, სოციალური, მენტალური და სხვა პრობლემების ურთულესი სპექტრი წარმოგვიდგება განსაკუთრებით მკვლელი, ორსული ქალების ისტორიის გაცნობისას. წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც ქალმა მოკლა ქმარი ან პარტნიორი და ვერ იღებს, ვერ იყვარებს მისგან შეძენილ შვილს, რომელიც, შესაძლოა, ძალადობრივი ურთიერთობის შედეგად გაჩნდა. ერთი მხრივ, ციხის დამთრგუნველი გარემო, მეორე მხრივ, დანაშაულის მძიმე შეგრძნება, რასაც ერთვის შვილთან არსებული ან მომავალში სავარაუდო ურთიერთობის შიში ან მიუღებლობა. როგორ უნდა აღდგეს ან შედგეს ეს ურთიერთობა? ფსიქოლოგიური დახმარება უპირველესად მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში, სოციალური მუშაკების მიზანმიმართული საქმიანობა თითოეული ასეთი ადამიანის დასაბრუნებლად, საქმიანობა რთული და ხანგრძლივი. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრულიად განსაკუთრებული და სათუთი სივრცეა დედებისა და ჩვილი ბავშვების (3 წლამდე ბავშვები) ცალკე გამოყოფილი ადგილი, შენობა, რომელშიც დაცულია დედებისა და ბავშვების სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლო პირობები. თუმცა, სირთულე უფრო მეტად სხვა სახისაა: 3 წლის ბავშვები შორდებიან დედას, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ტრაგიკულად აღიქმება მშობლის მხრიდან, სტრესულია პატარასთვისაც. ლოგიკა იმაშია, რომ ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს ციხეში, თუმცა, თუ ეს გამოუსწორებელი ზიანის მომტანია, საგანგებოდ უნდა იქნას გადაწყვეტილი. შექებას იმსახურებს სრულიად ახალი ინიციატივა, რომ ასეთ სივრცეში უკვე მუშაობს აღმზრდელი, რომლის ძირეული ამოცანაა პატიმარ დედებსა და მათ მცირეწლოვან შვილებს შორის ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში დახმარება, თუ როგორ უნდა შეიყვარონ პატარები, როგორ უნდა დაუკმაყოფილონ სხვადასხვა საჭიროებები, როგორ გახდნენ კარგი მშობლები, რათა შემდგომში ამ პატარა ადამიანებს არ ქონდეთ მომავალ ცხოვრებაში მთავარი ადამიანური საყრდენი გამოცლილი, რომ საზოგადოების მიმართ ნდობით იყვნენ მიმართული და შეძლონ საკუთარი თავის პატივისცემით, ღირსეულად ცხოვრება.
განსაკუთრებით მძიმეა ოჯახში ძალადობის შედეგად ჩადენილი დანაშული, რომელშიც ფიგურირებს ბავშვი, გვქონდა ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთი მიუსაფარი ბიჭუნა, რომლის დედამ მოკლა მოძალადე მამა, არ ურთიერთობდა დედასთან ციხეში. ფსიქოლოგის დახამარებით და განსაკუთრებული ძალისხმევით მან აღადგინა ეს გაწყვეტილი ურთიერთობა. დედა გამოვიდა ციხიდან და ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მისი შვილი, რომელიც დღეს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად ამბობს, ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, მთელი ცხოვრების განმავლობაში სანანებელი ექნებოდა, ვერ მოასწრებდა მიტევებას, დედასთან ურთიერთობას. ასეთი აუცილებელი ნაბიჯები ამთლიანებს ოჯახებს და, შორეულ პერსპექტივაში, საზოგადოებასაც.
ჩამოთვლილი საკითხები, მეტ-ნაკლებად, ციხის სამსახურების, შესაბამისი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების კოორდინირებული საქმიანობით უნდა დარეგულირდეს. ამასთან, განსაკუთრებული როლი საზოგადოების მიერ საკითხის სწორად აღქმას ენიჭება; ამ ადამიანებს მიმტევებელი, მათი პრობლემების მგრძნობიარედ მიმღები გარემო სჭირდებათ, რომ აშენონ მომავალი, მიუხედავად ყველაფრისა, აშენონ თავისუფლება პატიმრობის პირობებშიც. ამისათვის კი მეტი ინფორმირებულობაა საჭირო, გარე სამყარომ უნდა დაინახოს ციხე „შიგნიდან“ და მიიღოს პატიმრები საზოგადოების იმ წევრებად, რომელთაც საგანგებო ყურადღება და დახმარება სჭირდებათ, დაეხმაროს მათ შემდეგი სამი, ცხოვრებისეულად აუცილებელი საკითხის – გაძლიერება, უსამართლობასთან ბრძოლა, ცხოვრების გარდაქმნა – სრულად მოგვარებაში თუ არა, სწორი მიმართულების შერჩევაში, გზის გაკვალვაში მაინც.
სოციალური კაპიტალის დაგროვებისთვის პატიმარს უნდა გაუჩნდეს პერსპექტივის აღქმა და მოტივაცია, რისთვისაც მან უნდა ისწავლოს, იმუშაოს, მიიღოს შესაბამისი უნარ-ჩვევები. ხშირად ამას ხელს უშლის უიმედობა და იმის განცდა, რომ პატიმარს თავისი ნასამართლობის სტატუსით არავინ დაასაქმებს. მეორე მხრივ, ზოგჯერ არის არაადეკვატური მოლოდინიც, რომლის გაცრუებამ, შესაძლოა, სრულიად გარიყოს ყოფილი პატიმარი საზოგადოებისგან. ასეთი პრობლემის გადასაჭრელად ისევ და ისევ სხვადასხვა სტრუქტურის, ფსიქოლოგების, და განსაკუთრებით, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესმენების კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტარდება სპეციალური ტრენინგები გადამზადების, პროფესიული ზრდისთვის; პატიმრები თავადაც ყიდიან საკუთარი ხელით დამზდებულ ნაწარმს. ეს, ცხადია, გარკვეულ საფუძველს ქმნის მათი შემდგომი ცხოვრებისთვის, აჩენს იმედს, რომ მათაც რაღაც შეუძლიათ, თავს იწონებენ ახლობლებთანაც…
მძიმე და, ფაქტობრივად, გადაუჭრელი საკითხია გათავისუფლებული პატიმრების ბინით უზრუნველყოფა. მათ ხშირად არსად აქვთ წასასვლელი. არაერთხელ გვსმენია პატიმართაგან, რომ მათ შეიკედლებს სხვა ყოფილი პატიმარი. შევსწრებივარ შემთხვევას, როდესაც ციხიდან გამოსული დაბნეული ქალი ჩანთით ხელში იდგა ციხის კართან და არ იცოდა, სად წასულიყო. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა მოამზადონ პატიმარი თავისუფლებისთვის და, ამასთან, თავად სახელმწიფოც მოემზადოს მათ მისაღებად.
ქართულ და ევროპულ სპეციალურ კვლევებში ხაზგასმულია საზოგადოებაში, მომავალ ცხოვრებაში დაბრუნების მოტივაციის ამაღლების აუცილებლობა პატიმართათვის, რისთვისაც საჭიროა სპეციალური ტრენინგების ჩატარება, განსაკუთრებული მუშაობა იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან, განივითარონ სოციალური ადაპტაციის უნარები, ჰქონდეთ ინფორმაცია – ვის მიმართონ, რომელ უწყებას, როგორ გააფორმონ საკუთარი თხოვნა თუ მოთხოვნა, როგორ ააწყონ ცხოვრება თავისუფლების პირობებში.
რა აუცილებელი ფაქტორები უნდა გაითვილისწინონ სახელმწიფო სტრუქტურებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც უხდებათ მუშაობა პატიმრებთან? ყველა ზემოთჩამოთვლილ საკითხს განსკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან პრობლემების ეს კომპლექსი ამ ადამიანების მთელ ცხოვრებას ეხება, მის წარმართვას განაპირობებს – ახლანდელსა თუ შემდგომს, თავისუფლების პირობებში. უპირველესად, ეს არის იმ ადამიანების კომპეტენციის, მათ მიერ დამნაშავე ადამიანთა მიმართ დამოკიდებულების საკითხი, რომლებიც უშუალო შეხებაში არიან პატიმრებთან, მათ ოჯახებთან – სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და მუნიციპალიტეტების სოციალური მუშაკები და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ძალიან ხშირად მათი დამოკიდებულება ფორმალურია, არ არის სიღრმისეული, არ არის სისტემატური და შედეგზე გათვლილი; საჭიროა ამ ადამიანებთან რეგულარული მუშაობა, სპეციალური ტრენინგები ფსიქოლოგების მონაწილეობით. ასევე, საგანგებოდაა ბოლოდროინდელ კვლევებში მითითებული, რომ მეტი ფსიქოლოგი უნდა იყოს ჩართული ამგვარ საქმიანობაში, მეტი სპეციალისტი. უნდა ჩატარდეს კომპლექსური ღონისძიებები – სოციალურ-პედაგოგიური ზომების, რათა შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას პატიმართა განათლების დეფიციტი.
ზოგადად, შეიძლება ითქვას, ერთ მოკლე ფორმულაში უნდა გაერთიანდეს საერთო ძალისხმევა – უსაფრთხოება + მხარდაჭერა, უსაფრთხოება ციხის შიგნითა თუ გარეთ, გათავისუფლების შემდგომ და მუდმივი მხარდაჭერა.
ასეთი მიდგომით უნდა გატარდეს რესოციალიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება პატიმრობის დაწყებისთანავე, ასევე, ციხიდან გათავისუფლების მართვა. ეს ჰუმანური გზაა და ამასთან, პრაგმატულიც, რადგან სწორედ ამ საშუალებებით მიიღწევა სასჯელაღსრულების ძირითადი მიზანი – დანაშაულის გააზრება და მისი ხელახლა ჩადენის პრევენცია.
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:22
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.