პატიმართა დასაქმება – რეაბილიტაციის პირველი ნაბიჯი
27th February 2020
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – ერთად.
დაახლოებით სამი წლის წინ პროექტში „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ დავიწყე მუშაობა, რომლის ერთ-ერთ მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური ინტეგრაცია იყო, სოციალური საწარმოების შექმნის გზით. იმ პერიოდისთვის ჩემი გამოცდილება მკარნახობდა, რომ შეუძლებელი იყო ყოფილ პატიმართა ინტეგრაცია ფსიქოლოგის დახმარების გარეშე. პირველი გადაუდებელი მხარდაჭერა ყოფილი მსჯავრდებულებისთვის, ყოველთვის დანაშულის გაცნობიერება და პიროვნული ღირსების დაბრუნება მეგონა.
პენიტენციურ სისტემასთან შეხებაში მყოფ ადამიანებს ყოველთვის გვაქვს მოსაზრება თუ რა შეიძლება იყოს უმჯობესი პატიმრისთვის. გარემოში, სადაც გამოცდილებაზე ნასწავლი გაკვეთილები მწირია და თეორიული, კვლევითი მხარდაჭერა არ გააჩნია ინიციატივებს, დასკვნებს საკუთარი ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით ვაკეთებთ და გვავიწყდება პატიმრის საუკეთესო ინტერესი. ხშირად, ეს ინტერპრეტაციები ხელს გვიშლის ეფექტური პროექტების თუ პოლიტიკის დაგეგმვაში.
პროექტის მსვლელობასთან ერთად, ჩემი შეხედულებებიც შეიცვალა და რეალობამ დამანახა, რომ დასაქმება, ხშირად, პირველი ნაბიჯია რეაბილიტაციისთვის. საქართველოში მიმდინარე რეფორმების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობის ხარჯზე, ნელ-ნელა უკვე პრიორიტეტული ხდება მსჯავრდებულთა დასაქმება ციხეში. დასაქმებას ყოფილი მსჯავრდებულისთვის და პატიმრისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ ფინანსურ შემოსავალს. ღირსეულ დასაქმებას შეუძლია ჩართოს პატიმარი ყოველდღიურ რუტინაში და შეუქმნას სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობა. ღირსეული დასაქმება პატიმრისთვის პიროვნული ღირსების, თავდაჯერებულობის და თვით-ეფექტურობის აღდგენის წინაპირობაა[1]. დასაქმებით მიღებული შემოსავალი განთავისუფლებისთვის მომზადებასაც ამარტივებს და ოჯახზე, სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულების რისკებს ამცირებს. როდესაც პატიმრის ღირსეულ დასაქმებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვგულისხმობთ გაეროს მინიმალურ წესებს პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (,,ნელსონ მანდელას წესები“, 96-ე წესი), სადაც მითითებულია პატიმრის დასაქმების სტანდარტები და ისეთი საქმიანობები, რომელიც პატიმრისთვის, პირიქით ღირსების შემლახავი შეიძლება იყოს.[2]
დანაშაულის პრევენციისთვის, ეროვნულ დონეზე ყოფილ მსჯავრდებულთა და პატიმართა დასაქმებას უფრო დიდი დატვირთვა აქვს. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ყოფილ მსჯავრდებულთა და პატიმართა დასაქმება საგრძნობლად ამცირებს განმეორებით დანაშაულს[3]. 2011 წელს, კვაკერების ევროპულმა საბჭომ (QCEA) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეჯამებულია, პატიმრობამდე და პატიმრობის შემდეგ მსჯავრდებულთა დასაქმების სტატუსის სტატისტიკური მონაცემები წევრ ქვეყნებში. ბერლინის(გერმანია) მაგალითს თუ განვიხილავთ, დაახლოებით(E) ბრალდებულების 75% უმუშევარი იყო სასჯელის მისჯამდე. კოსოვოში, მათი რიცხვი 70%-ია, სასჯელის მოხდის შემდეგ კი 90%-მდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა.[4] საქართველოს შესახებ წარმოდგენა რომ შევიქმნათ, საკმარისია ვიცოდეთ ის ფაქტი, რომ წლებია დანაშულის სტატისტიკა არ იცვლება და რაოდენობრივად “დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ” აღემატება სხვა სახის დანაშაულის მაჩვენებლებს.[5] ეს მონაცემები არ გულისხმობს, რომ დანაშაულის გამომწვევი მიზეზები მხოლოდ სიღარიბით და უმუშევრობით შეიძლება აიხსნას, თუმცა ყველას შეგვიძლია დასკვნები ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გავაკეთოთ.
2018 წელს, პროექტის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით ბერლინის მაღალი რისკის დაწესებულებას (Heidering prison) ვესტუმრეთ, სადაც მსჯავრდებულთა 75% -ია დასაქმებული.[6] თავად ციხის მართვის კულტურაც და თანამშრომელთა დამოკიდებულებაც მსჯავრდებულების მიმართ, რეალურად პატიმრის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული და ყველა მსჯავრდებულს სთავაზობს არჩევანს. მათ შეუძლიათ აირჩიონ სასჯელის საკანში მოხდა ან დასაქმება, ორი დიდი საწარმოდან ერთ-ერთში. მსჯავრდებულები ყოველდღიურად ანაზღაურების სახით მინიმუმ 9 ევროს იღებენ, საიდანაც გარკვეული პროცენტი უგროვდებათ პირად ანგარიშზე და მხოლოდ განთავისუფლების შემდეგ ეძლევათ წვდომა დაგროვილ თანხაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის პენიტენციურ დაწესებულებებში ძირითადად სამუშაო ადგილებს თავად იუსტიციის სამინისტრო ქმნის, ჰეიდერინგის ციხეში ორი საწარმო კერძო ბიზნესის მიერ არის გახსნილი. ბიზნესისთვის ამ შემთხვევაში ძირითადი მოტივატორი არის თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურება და თავად ბიზნეს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა.
პატიმართა დასაქმების ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად თვით- დასაქმებაც ითვლება, ასეთი შემთხვევები ბევრია საქართველოშიც. თუმცა, კოლექტიურ ფორმებს, მაგალითად სოციალურ მეწარმეობას შეუძლია არამარტო სტაბილური დასაქმების შესაძლებლობები შექმნას, არამედ აღჭურვოს მსჯავრდებულები კონკრეტული პროფესიული უნარებით, ასწავლოს პასუხისმგებლობა კოლეგების და მენეჯმენტის მიმართ და შემდგომ ყოფილ მსჯავრდებულთა თვითდასაქმებას შეუწყოს ხელი.
სოციალურ საწარმოში პატიმართა დასაქმების წამატებული და წარუმატებელი მაგალითები ბევრია საერთაშორისო გამოცდილებაში. იტალიის ერთ-ერთ ქალთა ციხეში არსებობს საწარმო „შექმნილია ციხეში“[7], სადაც პატიმარი ქალები ვინტაჟური სტილის ჩანთებს და აქსესუარებს კერავენ. საწარმოში 14 პატიმარი ქალია დასაქმებული და დასაქმების მსურველთა მომლოდინე სია ხშირად 30-ს აღემატება. მეორე სოციალური საწარმო, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მისი ისტორიიდან გამომდინარე, მდებარეობდა ინგლისში, დაბალი რისკის (c) დაწესებულებაში. საწარმო დაფუძნდა 2004 წელს ჰოვარდ ლიგის მიერ და 2009 წელს დაიხურა.[8] პირველი მაგალითისგან განსხვავებით, ეს საწარმო მსჯავრდებულთა ინტელექტუალურ რესურსს იყენებდა და მსჯავრდებულებს ჯერ ასწავლიდა, ხოლო შემდგომ უკვეთავდა სახვადასხვა სახის დიზაინერულ პროდუქტს. ორივე საწარმოს მაგალითი და არამხოლოდ, ჩემთვის გზამკვლევი იყო პროექტში თუ როგორ უნდა შემემცირებინა რისკები და წინასწარ განმესაზღვრა ნაბიჯები.
პროექტის დასაწყისში მაშინდელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან გამოიხატა ინიციატივა, #16 დაბალი რისკის დაწესებულებისთვის დაგვეფინანსებინა ერთი სოციალური საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პატიმართა და პრობაციონერთა „შესაშური“ რაოდენობა გვყავს, სამწუხაროდ იმ ადამიანების ან ორგანიზაციის მოძებნა, რომელიც კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას და სოციალურ საწარმოს შექმნიდა ციხეში, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ჩვენს გუნდს მცდელობა არ დაუშურებია რეგიონების მასშტაბით მოტივირებული ადამიანების მოსაძებნად. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბედი ისევ თავად დაწესებულებაში ვცადეთ იმის იმედით, რომ რომელიმე მსჯავრდებული ინფორმაციას მის მეგობრამდე ან ოჯახის წევრამდე მიიტანდა.
შედეგად, ორი მსჯავრდებულის ინიციატივით და აქტიური მუშაობით, საქართველოში 2019 წელს #16-ე დაწესებულებაში გაიხსნა სოციალური საწარმო, რომელიც პატიმართა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მიღებულ ციფრულ შეკვეთებს, ციხის შიგნით ამზადებს და დღეის მდგომარეობით 5 პატიმარი ჰყავს დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში თითოეულ მათგანს მიღებული აქვს ანაზღაურება, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთული გრაფიკი აღმოჩნდა. პირად საუბარში ერთ-ერთმა პატიმარმა მითხრა, რომ შაბათ-კვირას ისინიც ისევე ელოდებიან როგორც მე და მათთვისაც ეს დღეები დასვენებასთან ასოცირდება.
დანაშაულის პრევენციის და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე, სოციალური მეწარმეობის, როგორც პრევენციული ინსტრუმენტის გამოყენების რამდენიმე მაგალითი უკვე არსებობს. ირლანდიის სახელმწიფოს ინსტიტუციური ერთეულის, „სამართლიანობისა და თანასწორობის დეპარტამენტის“ მიერ 2016 წელს, შემუშავებულ იქნა „ახალი გზა წინსვლისთვის – სოციალური მეწარმეობის სტრატეგია 2017-2019“, რომელიც მიზნად ისახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას მათი დასაქმების ხელშემწყობი, სოციალური საწარმოების დაარსებისა და არსებულებთან თანამშრომლობის გზით.[9]
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019-2020 წლის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმაში, რეაბილიტაცია -რესოციალიზაციის ნაწილში გაითვალისწინა სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია და კონცეფციის მხარდაჭერა. [10]
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მეწარმეობა მისი შინაარსით კონკრეტული სოციალური პრობლემის გადაჭრას გულისხმობს, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ინტეგრაციისთვის შექმნილი საწარმოები ბევრ გამოწვევას აწყდებიან გზად. თუმცა, სექტორთაშორისი თანამშრომლობის და საზოგადოების მხარდაჭერის შეთხვევაში, წარმატებული მაგალითების შექმნის დიდი პოტენციალი გააჩნია.
For Engish please follow the link: https://www.penalreform.org/blog/employment-of-prisoners-the-first-step-to-rehabilitation/
[1] http://dro.deakin.edu.au/view/DU:30010282
[2] https://cdn.penalreform.org/wp-content/uploads/2016/11/PRI_Nelson_Mandela_Rules_Short_Guide_Geo_final.pdf
[3]https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/217412/impact-employment-reoffending.pdf
[4] http://www.qcea.org/wp-content/uploads/2011/05/rprt-reintegration-full-en-may-2011.pdf
[5] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika
[6] https://www.berlin.de/justizvollzug/anstalten/jva-heidering/was-machen-wir/beschaeftigung-qualifizierung/
[7] https://medium.com/vantage/made-in-prison-a-new-model-of-sustainable-social-enterprise-9166c69eace8
[8] https://howardleague.org/publications/prison-work-and-social-enterprise/
[9] http://www.justice.ie/en/JELR/A_New_Way_Forward_-_Social_Enterprise_Strategy_2017-2019.pdf/Files/A_New_Way_Forward_-_Social_Enterprise_Strategy_2017-2019.pdf
Comments
South Caucasus Regional Office, 03rd Jul 2020 at 14:17
This blog is part of a series that discusses pressing issues in Georgia’s criminal justice system. All of the blogs are posted by external authors and do not necessarily represent the views of Penal Reform International.
Alexander Rusetsky, 26th Aug 2021 at 10:43
ძალიან საინტერესოა. მადლობა